{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 26 მაისს მერაბ კოსტავას მემორიალთან მისივე სახელობის სკვერი გაიხსნა

    სიმბოლურია, რომ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხარაგაულში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული მებრძოლის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავს გარდაცვალების ადგილას, სოფელ ბორითში აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას მემორიალთან ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, მისივე სახელობის სკვერი მოეწყო.

    საქართველოს დამოუკიდელობისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღე მემორიალთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკმა და სხვა ადგილობრივი თანამდებობის პირებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისთვის ბორითში ეროვნული გმირის თანამებრძოლები და მეგობრები ჩამობრძანდნენ. მეუფე მელქისედეკმა და ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარმა, მამა ანტონმა დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ანსამბლ „უბისის“ მიერ შესრულდა ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებული სიმღერები: „ჩემო კარგო ქვეყანა“, შავლეგო“, „მრავალჟამიერი“.

    სტუმრებმა ერთხელ კიდევ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მერაბ კოსტავას უდიდესი ღვაწლი. ისაუბრეს მის ცხოვრებასა და მოწამეობრივ გზაზე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და სრულიად საქართველოს  ეს ღირშესანიშნავი დღე მიულოცა. „ვიდრე საქართველოს ეყოლება ისეთი გმირები, როგორიც იყო მერაბ კოსტავა, მას ძნელბედობის ჟამი არასდროს დაუდგება. მე ვიყავი ერთ-ერთი მისი თანამებრძოლი და ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი. ჩვენ ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მინდა, აქედან, სრულიად საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა - ჩვენ  ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას თვითმყოფადობისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის. უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა. დაე, იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას სურდა ყოფილიყო -  ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი“.

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ყველანი ბორითის სოფლის კლუბში გავეშურეთ, სადაც რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრი გველოდებოდა. ამჯერად, თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა, ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“ წარმოგვიდგინა. ეს იყო დღევანდელი დღის ემოციების თავმოყრა, სადაც ყველანი ერთად ვეზიარეთ მერაბ კოსტავას ხილულ და უხილავ ცხოვრებას. ლიტერატურული სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხარაგაულელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ, რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ, მერაბ კოსატავას მეგობარმა, გიზო თავაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა.

    ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სტუმრად ჩამოვიდნენ სომხური დიასპორის წარმომადგენლები, კერძოდ ქ. ახალციხის სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები, საკრებულოს წევრები და მოსწავლეები. მათ  გვირგვინით შეამკეს მერაბ კოსტავას მემორიალი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქართველ მეგობრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მემორიალთან აღნიშნეს. ბავშვებმა  პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები ქართულ და სომხურ ენებზე შეასრულეს. 

      

       

    27 მაისი 2015

    ნანახია: 684 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი