{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დიდ სამამულო ომში გამარჯვების  70-ე  წლისთავს, ხარაგაულიდან   21 ვეტერანი შეხვდა


     

    9 მაისს, ხარაგაულში,  კულტურის სამსახურის ორგანიზებით ფაშიზმზე გამარჯვების  70 წლისადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.   ღონისძიებას  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების  70-ე  წლისთავს ხარაგაულიდან   21  ვეტერანი შეხვდა, მათგან  ღონისძიებაზე  მოსვლა მხოლოდ ექვსმა  შეძლო.

     70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისტორიას ჩაბარდა თავისი შედეგებითა და მასშტაბებით ყველაზე სასტიკი ომი... ომი, რომელიც 1418 დღე გრძელდებოდა და 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დიდი სამამულო ომი- ასე უწოდეს ამ  ომს. მისი ისტორია სავსეა ვაჟკაცობის, შემართებისა და გმირობის ბრწყინვალე მაგალითებით. რაც უფრო  მეტი დრო გადის ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება  ამ გამარჯვების საკაცობრიო მნიშვნელობა.

       ხარაგაულის რაიონიდან ფრონტზე  5706 კაცი  გაიწვიეს,  აქდან   2704 მეომარი  შინ აღარ დაბრუნებულა.   798   დაჯილდოვდა ორდენებითა და  მედლებით გმირული ბრძოლისათვის.   6 მათგანს  საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

    ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი  უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც  ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა.   ასე დაეცა ბრძოლის ველზე ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან, ოთხი ძმა ავალიანები-სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები -ხევიდან, ხუთი ძმა  კუპატაძეები-ვანიდან და სხვა.  სახლში დარჩენილ  ხარაგაულელებსაც  შეჰქონდათ  წვლილი გამარჯვებაში. ჩვენი რაიონიდან გაიგზავნა 13 მილიონი მანეთი სატანკო კოლონებისა და თვითმფრინავების შესაძენად, 18 მილიონი-თავდაცვის ფონდში და 100 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის  პროდუქტები.  ასე უპასუხეს ხარაგაულელებმა მოწოდებას -,,ყველაფერი ფრონტისათვის,  ყველაფერი მტერზე გამარჯვებისათვის.“

    9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესრულდა  სიმღერები და წაკითხულ იქნა გამარჯვებისადმი მიძღვნილი ლექსები.    ომის ვეტერანებს  გამარჯვების 70-ე წლისთავი  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და   სიმბოლურად საჩუქრები პირადად გადასცეს.  

    პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილმა სახელით სამამულო ომის გმირებს  მადლობის წერილი და სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები გადაეცათ.

    ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერანები ასევე  200 ლარს მიიღებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ ყოველთვიურად კომუნალურ ხარჯებს უფარავს.

    ,,თქვენი უშუალო დამსახურებით, ჩვენმა სამშობლომ  დიდ გამარჯვებას მიაღწია. სწორედ თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები,  რომლებმაც პირნათლად მოიხადეს ვალი  სამშობლოს წინაშე. თქვენი თავდადება, თქვენი გმირობა კვლავ დიდხანს იქნება  მაგალითი  მომავალი თაობისათვის.  თქვენ  ხართ არა მარტო ომის მონაწილეები, არამედ -გმირებიც.  უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს“-მიმართა სიტყვით , ომის ვეტერანებს 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე,  მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ხარაგაულის კინოთეატრში ნაჩვენები იქნა ფილმი ,,ჯარისკაცის მამა“.

      

       

     

     

    9 მაისი 2015

    ნანახია: 914 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი