{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •                                                                       

       ბორის სკოლა-პანსიონში შშმ პირებისათვის დღის ცენტრის გახსნის საკითხს საკრებულოს სხდომაზე დებატები მოჰყვა

     

     

     

    6 აპრილს საკრებულოს სხდომაზე, ბორის სკოლა-პანსიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დღის ცენტრის შექმნის საკითხმა დებატები გამოიწვია.  

     საკრებულოს უმრავლესობამ დღის ცენტრის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა დეპუტატების ერთმა ნაწილმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. საკრებულოს სხდომაზე განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მარინე ვეფხვაძემ და სოციალური კომისიის თავმჯდომარემ გივი თხელიძემ  შესაბამისი კომისიის დასკვნები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც  ბორის სკოლა - პანსიონში დღის ცენტრის ჩამოყალიბებას დადებითი შეფასება მიეცა.

    საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ ბორის სკოლა-პანსიონში შშმ პირებისათვის დღის ცენტრის გახსნას  მხარი არ დაუჭირა, აღნიშნულ საკითხის განხილვის პროცესში,  დებატებში ჩართვა გადაწყვიტა და დეპუტატებისთვის განკუთვნილ მაგიდასთან გადაინაცვლა,  რის შემდეგაც სხდომა  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა ბარბაქაძემ წარმართა. ქალბატონი ინგა მაღრაძის განცხადებით, ხარაგაულში აუცილებელია ფუნქციონირებდეს დღის ცენტრი, თუმცა  მან ბორში აღნიშნული დაწესებულების გახსნის მხარდაჭერისათვის პროექტის ავტორისგან,  ჰამლეტ ბერაძისგან  უფრო მეტი კონკრეტიკა მოითხოვა:“ჩემი ინფორმაციით შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს ბორის სკოლა-პანსიონის საქმიანობის შესწავლა. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ კარგად უნდა დავფიქრდეთ-“ აღნიშნა მან.

    საკრებულოს თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა თუ რომელი ორგანიზაცია ახდენს ფინანსურ მონიტორინგს იმ თანხებზე, რომელიც  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა სკოლა-პანსიონისათვის და რატომ არ ირიცხება ბორის საჯარო სკოლაში არსებული საბავშო ბაღი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში .

    აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით ბორის სკოლა -პანსიონის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ შემდეგი განმარტება გააკეთა: ,, ბორის სკოლა-პანსიონში ფინანსურ მონიტორინგს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე, რომლის 90 პროცენტი ხელფასებს შეადგენს კანონის შესაბამისად  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახდენს,განათლების სამინისტროდან გამოყოფილ თანხებზე განათლების სამინისტრო. რაც შეეხება,  არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ მიერ თანხები არ გვერიცხება და მოთხოვნის შესაბამისად  სხვადასხვა სახის პროდუქტი მოგვეწოდება.რაც შეეხება ბაღს,  ბორის საჯარო სკოლაში ნამდვილად არსებობს სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი, რომელშიც დღესდღეობით 28 ბავშვია რეგისტრირებული, დასაქმებულია 7 პიროვნება.აღნიშნული ჯგუფი  სკოლა ინტერნატის არსებობის პერიოდიდანარის სკოლის სტრუქტურულ შემადგენლობაში და მას შემდეგ რაც სკოლა  საჯარო სამართლის იურდიულ პირად  ჩამოყალიბდა პანსიონის შემადგენლობაში დარჩა.თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი ამ წესით არ უნდა არსებობდეს გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ალტერნატიული წინადადება, რომელშიც დაცული იქნება ამ ბავშვების და მათი მასწავლებლების უფლებები.აქვე მინდა შეგახსენოთ რომ სოფელ კიცხის ბაღს, რომლის აშენება და რეაბილიტაციაც ახლახანს მოხდა  არ აქვს ადგილი დამატებითი კონტიგენტი მიიღოს.სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის ბავშვები იკვებებიან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და ასევე ჩართულნი არიან მათ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში , თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის გადაცემა ბაღების გაერთიანებისათვის, ისე რომ არ დაზარალდეს არც ბავშვები და არც მასწავლებლები დიდი მადლობელი დაგრჩებით.

    რაც შეეხება დღის ცენტრს, ჩემთვის გაუგებარია რატომ მოჰყვა ამდენი აჟიოტაჟი ამ თემას. რაც უფრო მეტი დღის ცენტრი იქნება ჩვენს რაიონში მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მით უფრო უკეთესი იქნება.ბორის სკოლა-პანსიონის ბაზაზე აღნიშნული ცენტრისათვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩემი პრიორიტეტი მას შემდეგ გახდა, რაც რამოდენიმეჯერ მშობელს უარი ვუთხარი მისი შვილის მიღებაზე იმის გამო, რომ არ გვქონდა შესაბამისი ადაპტირებული გარემო.როცა 2014 წელს 15 სექტემბერს განათლების სამინისტროდან მივიღეთ წერილი სადაც სამინისტროს პოზიცია იყო სკოლების ბაზაზე დღიც ცენტრების ფუნქციონირება მომხდარიყო, მაშინვე დავიწყე ფიქრი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის და აქედან გამომდინარე დაიწერა პროექტი და შედგა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა,ვფიქრობ ამ პროექტით და აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობით საკმაოდ დიდ დახმარებას გავუწევთ შშმ მქონე ბავშვებს, რომლებსაც ჩვენი სკოლის აქტიურობიდან და არასამთავრობოებთან ურთიერთობიდან გამომდინარე დავეხმარებით საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენაში.მე მივესალმები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი დღის ცენტრები სკოლების ბაზაზე მით უფრო მეტ ბავშვს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით.

    საღანძილის მაჟორიტარი დეპუატატის დავით კიკნაძის თქმით დღის ცენტრს შესაბამისი სტრუქტურული ბაზა და პედაგოგები სჭირდება, რომლის რესურსი ბორის სკოლა-პანსიონს ნამდვილად გააჩნია.  „ დიდი ხანია ვმუშაობთ აღნიშნული პროექტზე.  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის მიხედვით  დღის ცენტრი უნდა განთავსდეს საჯარო სკოლასთან ახლოს. აქედან გამომდინარე,  ამ ეტაპზე ხარაგაულში ყველაზე საუკეთესო პირობები ბორის სკოლა-პანსიონშია.   როგორც ვიცით სკოლას 2005 წლიდან პანსიონის სტატუსი აქვს მინიჭებული,  ყველა იურდიული საკითხი მოწესრიგებულია და  თავისუფლად შეიძლება პანსიონური  მომსახურების  გაწევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“.

    ჰამლეტ ბერაძემ ვრცლად ისაუბრა პროექტის შესახებ და იმ პრიორიტეტებზე, რომელიც პროექტს ბორის სკოლა-პანსიონში განხორციელების შემთხვევაში ექნება. „ინფრასტრუქტურული კუთხით  პრობლემების ნაწილი მოგვარებულია, არსებობს შენობა, ეზო. ასევე  მოწესრიგებულია სამზარეულო და სასადილო ოთახები. ბორის სკოლა-პანსიონის დაფინანსება ადგილობრივ ბიუჯეტიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხდება.  მათი ფინანსური დახმარებით მრავალი კარგი პროექტი ხორციელდება.  იმედი მაქვს, რომ ბორში დღის ცენტრის გახსნის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან და გაცილებით მეტ ინვესტიციებს ჩადებენ იმისათვის, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს შესაბამისი გარემო და პირობები ჰქონდეთ“.

    სხდომაზე არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მაგდა ყურაშვილის თქმით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციის გამო საჯარო სკოლებთან ახლოსუნდა განთავსდეს. მისივე განცხადებით, დღის ცენტრს აფუძნებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც შემდგომ მომსახურებას არასამთავრობო ორგანიზაციიდან  ყიდულობს.  ქალბატონი მაგდას განცხადებით,  სხვა შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო დაფინასებას არ გასცემს დღის ცენტრებზე  და ამიტომ  ბორის სკოლა-პანსიონში დაფუძნებულ დღის ცენტრის ფუნქციონირებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახდება  თანხების გამოყოფასაჭირო.

    მაგდა ყურაშვილის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტრასის პირა სოფლებში შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე  20-მდე მოზარდი ცხოვრობს და ისინი ბორში ვერ მოახერხებენ ყოველდღიურად სიარულს. მისივე თქმით, აღნიშნული დაწესებულების დაფუძნება უკეთესი იქნებოდა დაბაში ან ვერტყვიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

    მუნიციპალიტეტის გამგებელის  კობა ლურსმანაშვილის განცხადებით დღის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან არსებობს ინტერესი და ამიტომ ამ საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია. ,,აღმასრულებელი ხელისუფლების ვლადებულებაა, პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსები მოიძიოს და შემდეგ პროექტი საკრებულოს წარუდგინოს დასამტკიცებლად.  თქვენი გადასაწყვეტია, დღეს  შემოტანილ საკითხს  დაამტკიცებთ თუ არა.  თუ თქვენ ეს პროექტი არ მოგწონთ მხარს ნუ დაუჭერთ, ჩვენ ამ თანხას 37 ათას ლარს სხვა მიმართულებით დავხარჯავთ. პრემიერის ინიციატივაა, რომ ადმინისტრაციული ხარჯებიდან მიღებული დანაზოგებით ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ და ჩვენ შესაბამისად ამ თანხას სხვა პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიყენებთ -“ აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

    საბოლოოდ დეპუტატებმა საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

     

     

     

     

    8 აპრილი 2015

    ნანახია: 970 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი