{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს

    18 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

    ბიუროს წევრებმა პირველ საკითხად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ ფხალაძემ წარადგინა.
    მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, კომისიამ საანგარიშო პერიოდში 7 სხდომა გამართა, რომლებზეც განხილული იყო 15 აქტუალური საკითხი.
    მალხაზ ფხალაძის განმარტებით, კომისია პერიოდულად გადის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ადგილზე ეცნობა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მისივე თქმით, 2018 წელს განსახორციელებელი პროექტებიდან ნაწილი დასრულებულია, ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ხოლო რამდენიმე სოფელში სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. კომისიის თავმჯდომარე სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯერ საპროექტო სამუშაოების შესყიდვა არ დასრულებულა, რის გამოც შედეგების ლიკვიდაცია იგვიანებს.
    როგორც მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ, სტიქიით დაზიანებული პროექტების აღსადგენად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, შვიდჯერ გამოაცხადა ტენდერი და ყველა მათგანი ჩაიშალა, მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ პროექტი გეოლოგიური დასკვნის მომზადებას ითვალისწინებს.
    სხდომაზე ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ხე-ტყის მოპოვება მოსახლეობისთვის საკმაოდ პრობლემატურია და კომისიამ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს.
    როგორც მალხაზ ფხალაძე განმარტავს ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კომისიამ სხდომა ჩაატარა, სადაც მოწვეული იყო ხარაგაულის ადგილობრივი სატყეო უბნის უფროსი. „ეს საკითხი ყველას გვაღელვებს, ჩავატარეთ კომისიის სხდომა, მოვიწვიეთ უფლებამოსილი პირები. როგორც ვიცით საშეშე და სამასალე ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით პარლამენტი ახალ რეგულაციებს აწესებს და ცვლილებები იქნება, თუმცა რას შეეხება ჯერ-ჯერობით უცნობია“ - განმარტა ფხალაძემ.
    ინგა მაღრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტის საჯარო განხილვა არ ჩატარებულა, რის აუცილებლობასაც ასაბუთებს და განმარტავს, რომ მოსახლეობასთან პროექტის განხილვის შესახებ შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს.
    ძირულა-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გია თავზარაშვილმა.
    ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული გზა პროექტის მიხედვით დაბის ცენტრალურ ქუჩაზე გაივლის, რაც მისი აზრით, მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის. დეპუტატი საგზაო დეპარტამენტისგან იმ ალტერნატიული გზის შესწავლას ითხოვს, რომელიც მათთვის უკვე ცნობილია.
    ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომისიის სახელით საგზაო დეპარტამენტში გაგზავნილია წერილი, რათა გზის მშენებლობის დაწყებამდე მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და მათთვის პროექტის გაცნობა.
    მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დაბაში პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად ჩატარდება, რომელსაც საგზაო დეპარტამენტის, მშენებელი კომპანიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა უფლებამოსილი პირები დაესწრებიან.
    ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა სხდომაზე, ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტების შერჩევა-შედგენისას მერიის სამსახურების მხრიდან ზოგჯერ პერსონალური მიდგომები იკვეთება. მან ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტემპი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ძალიან დაბალია და კარგი იქნება თუ, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია პროექტების გაცნობის გარდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას გაეცნობა.
    სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მუნიციპალურ ქონების მოვლა-პატრონობაზე ისაუბრეს. დეპუტატ ინგა მაღრაძის განმარტებით, აუცილებელია მოხდეს მუნიციპალურ კუთვნილებაში არსებული ქონების აღრიცხვა.
    მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის განმარტებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტექნიკა აღწერილია და აუდიტორული შემოწმება ჩატარებულია, რის მიხედვითაც დადგინდა რომელი ექვემდებარება აღდგენას და რომელი - არა.
    ფრაქცია ქართული-ოცნება დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ ღია ესტრადის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. „როგორც ვიცით, ღია ესტრადის რეკონსტრუქცის დასრულების შემდეგ, შენობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. ამ დროისათვის სცენა ნორმალურ მდგომარეობაშია და კარგი იქნება თუ გამოიძებნება სახსრები რაც გადარჩა ის მაინც, რომ შევინარჩუნოთ“.
    საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის თქმით საგარანტიო თანხა არ არის გადარიცხული მშენებელ კომპანიაზე, ამიტომ აღნიშნული თანხა კარგი იქნება თუ ისევ ღია ესტრადის რეკონსტრუქციას მოხმარდება.
    ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ღია ესტრადის დემონტაჟი და შენობის სახურავის შეცვლა.
    ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელის ეკა შავიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
    ბიუროს სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის #44 დადგენილებაში „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
    4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
    5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 ივლისის #50/35 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ კიცხში მდებარე 1518 კვმ.არასასოფლო - სამეურნეოს დანიშნულების მიწისა და
    მასზე მდგარი შენობის მეორე სართულზე 233.78 კვმ. ფართის (საზოგადოებრივი ცენტრი) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
    6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების- საოფისე და სპორტული ინვენტარის თხოვების ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე).

     

     

     

     

     

    20 ივნისი 2018

    ნანახია: 204 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი