{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • არჩილ მაღრაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა

    დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არჩილ მაღრაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

    საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მხრიდან ძირითადი აქცენტი, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის გზის 50 კმ.-იანი მონაკვეთის დაბის ტერიტორიაზე გავლას შეეხო.
    დეპუტატები თვლიან, რომ აღნიშნული გზის 1 500 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც პროექტის მიხედვით დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე გადის, შემოვლითი გზით უნდა განხორციელდეს.
    საკრებულოს წევრის თემურ ფცქიალაძის განმარტებით, აუცილებელია მოლაპარაკებები გაგრძელდეს აზიის განვითარების ბანკთან, რადგან აღნიშნული მონაკვეთის დაბის ტერიტორიაზე გავლას ხარაგაულის მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდება.
    დეპუტატები მარინე ხვედელიძე და დავით კიკნაძე მიიჩნევენ, რომ ამ გზის ცენტრალურ ქუჩაზე გავლა, მაშინ, როდესაც გზაზე ორი საჯარო სკოლა მდებარეობს მიზანშეუწონელია.
    დაბის დეპუტატი პაატა გოგოლაძე კი დარწმუნებულია, რომ პროექტი შეიცვლება და გზის 1 500 მეტრიანი მონაკვეთი დაბის ტერიტორიაზე არ გაივლის.
    არჩილ მაღრაძის განმარტებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას რამდენჯერმე ჰქონდა მოლაპარაკება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რათა ეს მონაკვეთი გვირაბებისა და ესტაკადების მოწყობით შემოვლითი გზით გაკეთებულიყო. მერის პირველი მოადგილე ადასტურებს, რომ დეპარტამენტიდან პროექტის შეცვლასთან დაკავშირებით უარი მიიღეს.
    „პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახლად არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელება. ჩვენ ერთად დგომით ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.
    საუკუნის პროექტი რომ კეთდება ამაზე ყველა ვთანხმდებით. უნად აღინიშნოს, რომ ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა პროგრესულად იმოქმედებს ხარაგაულის ეკონომიკურ გაძლიერებაზე და სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლაზე. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენჯერმე დასვა საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რომ დაბის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები ამორტიზებულია და ისინი ავტომანქანების ინტენსიურ მოძრაობას ვერ გაუძლებენ. დეპარტამენტიდან მივიღეთ პასუხი, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ყველა ზომა. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ 50 კმ-იან მონაკვეთზე აკრძალული იქნება ტრანზიტული მოძრაობა და გზაზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებიან. გთავაზობთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და ერთად ვიმსჯელოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე. ალბათ, შეიძლება პროექტის შეცვლა.“ - აღშნინა არჩილ მაღრაძემ საკრებულოს სხდომაზე.
    ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საუბარი იყო ასევე, დაბის ჩიხებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თორნიკე ავალიშვილის თქმით, სამუშაოები შეჩერებულია, რის გამოც ნახევრად გაკეთებული გზებით მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები აქვთ.
    არჩილ მაღრაძე ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მშენებელ კომპანიებს ჯერ ვადები აქვთ და ამ ვადებში სამუშაოები აუცილებლად დასრულდება ხარისხისა და ზომების სრული დაცვით.
    დეპუტატებმა მომავალ წელს სოფლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის განმარტებით, ჯერ არ არის გარკვეული თუ რა თანხით დააფინანსებს რეგიონული განვითარების ფონდი ხარაგაულს. არჩილ მაღრაძე აღნიშნავს, რომ პროექტები მზად არის და როგორც კი ხარაგაულისთვის გამოყოფილი თანხები გახდება ცნობილი, მუნიციპალიტეტის მერიას საშუალება ექნება განსაზღვროს 2018 წლის პრიორიტეტები.

     

     

    4 დეკემბერი 2017

    ნანახია: 928 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი