{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „კარვების ბანაკი“ ხარაგაულელი ახალდაზრდებისთვის გაიხსნა

    უკვე მეოთხე წელია, ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით სოფელ ზვარეში „კარვების ბანაკი“ იმართება. ყოველი წლის აგვისტოს დასაწყისში „კარვების ბანაკში“ 300 -მდე ახალგაზრდა ისვენებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პროექტ „ეტალონის“ დამფუძნებლის, გოჩა ტყეშელაშვილის ინიციატივით, სოფელ ზვარეში, ხარაგაულელ ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებულმა 80-მდე ახალგაზრდამ დაისვენა.
    მიმდინარე წელს ზვარემ "მშვიდობის კორპუსს" Life camp–ს უმასპინძლა. „კარვების ბანაკში“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 45-მა ახალგაზრდამ დაისვენა. „შვიდობის კორპუსის" ბანაკი ზვარეში 5 აგვისტოს დასრულდა. 6 აგვისტოდან კი „კარვების ბანაკს“ ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები შეუერთდნენ.
    6 აგვისტოს, ზვარის ბანაკს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი და გამგებლის მოადგილე, პაატა გოგოლაძე სტუმრობდნენ. ზვარეში სტუმრობისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, ზვარის ბანაკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

    ,,ჩვენი მიზანია, ზვარის ბანაკი კეთილმოეწყოს და აქ შესაძლებელი გახდეს დამსვენებელთა სრული მომსახურება. მოვამზადეთ პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და რეგიონული განვითარების ფონდში წარვადგინეთ. სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ამ პროექტის დაფინანსება ვერ მოხერხდა, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მივაღწიე შეთანხმებას, რომ ბანაკს რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება. არის საუბარი, რომ ინფრასტრუქტურული სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერებიდან რა თანხაც დაიზოგება, ამ პროექტისკენ მიიმართოს. თუ ასე ვერ მოხერხდა, მეორე პოზიცია ასეთია: 2017 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხაში,,ზვარის ბანაკის“ რეაბილიტაცია შევა. აღნიშნული პროექტის ღირებულება, ინვენტარის ჩათვლით, 800 000 ლარია,“- განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
    კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსუვა იმ ფაქტს, რომ ზვარის ბანაკის ფუნქციონირება მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    ,,ეს არ არის მხოლოდ ახალგაზრდული ცენტრი. სოფელში ტურისტული პოტენციალი გაჩნდება, რაც აქ მცხოვრებლებს შესაძლებლობა მისცემს, დამატებითი შემოსავლები მიიღონ და ეკონომიური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. აქვეა შესანიშნავი ბუნებით კურორტი „ნუნისი“და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი, რაც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ხარაგაულს რაც შეიძლება მეტი ტურისტი სტუმრობდეს.“
    მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, ,,კარვების ბანაკის“ ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა გამგებლის მრჩეველს ტურიზმის საკითხებში, მამუკა ჭიპაშვილს, ა(ა)იპ ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორს, ბერიკა თურმანიძეს, დირექტორის მოადგილეს, ნინო თხელიძეს, და ,,ტურიზმის ცენტრის“ ყველა თანამშრომელს. ,,ეს ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ,,ტურიზმის სამსახური“ ხარაგაულში აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ მათგანს. ასვე დიდი მადლობა ამერიკული ორგანიზაციის ,,მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელ მოხალისეებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზვარის ბანაკში. ამერიკელებმა აღიარეს ამ ადგილის უნიკალურობა, მოიხიბლნენ მისი სიმყუდროვით და საოცარი ხედებით. მათ გააჩნიათ მომავლის გეგმები ხარაგაულთან მიმართებაში.“

    გამგებლის მრჩევლის ტურიზმის საკითხებში, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ბანაკში ძირითადად, წარჩინებული და სათავგადასავლო ტურ-თამაშებში გამარჯვებული მოსწავლეები ისვენებენ. რაც შეეხება ბანაკში მოხვედრას, მამუკა ჭიპაშვილის განმარტებით, ბავშვები საგანმანათლებლო რესურსცენტრების დახმარებით შეირჩნენ და ყველა თვითმმართველი ერთეულიდან მოსწავლეების თანაბარი რაოდენობაა წარმოდგენილი.
    თამარ ხორავა (ბაღდათის მუნიციპალიტეტი): „ძალიან მომწონს ზვარის ბანაკი, კარგი ბუნებაა. ძალიან ბევრ სახალისო აქტივობაში ვართ ჩართულები და ბევრი მეგობარი შევიძინე. თუკი მომეცემა შანსი, მომავალ წელს კიდევ დავისვენო აქ, უარს ნამდვილად არ ვიტყვი და დიდი სიამოვნებით ვესტუმრები ზვარეს.“
    ზაური სამხარაძე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი): „პირველად ვარ ,,ზვარის ბანაკში“ და ძალიან მომეწონა. ვაწყობთ სხვადასხვა სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს. გადავიღეთ ფილმიც, რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მომცა შესაძლებლობა აქ, ზვარეში, დამესვენა.“

     

     

    8 აგვისტო 2016

    ნანახია: 3364 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი