{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 19 ოქტომბერს ბიუროს სხდომა გაიმართა

    19 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, ირინა ჩხეიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  კულტურის სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამსახური მართლაც ღირესულად წარმოაჩენს ხარაგაულს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებშიდაც.

    სხდომაზე, ვლადიმერ გელაშვილმა 2015 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ისაუბრა. მანვე აღნიშნა,  „ა(ა)იპებმა აუცილებელია შეამცირონ თავიანთი ხარჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით მათ თანხა არ ჩავურიცხოთ“. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა კითხვით მიმართა ვლადიმერ გელაშვილს: „როცა 2015 წლის ბიუჯეტს  ვადგენდით ა(ა)იპები გარდა „სათნოების სახლისა“ და ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისა კმაყოფილებას გამოთქვამდნენ ჩარიცხული თანხების გამო. გადის თვეები და  მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში გადასახადები არ შემოდის, ზოგიერთ ა(ა)იპ-ს ისევ ვუმატებთ თანხებს, რატომ? რა აუცილებლობაა?“

    ვლადიმერ გელაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ა(ა)იპებმა დამატებითი ვალდებულებები აიღეს და შესაბამისად ხდება მათთვის თანხების დამატება.

    ბიუროს წევრებმა სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების კუთხით გაცემული ფინანსური დახმარების ათვისების შედეგების შესახებ იმსჯელეს. „2014–2015 წლებში ამ კუთხით გაცემული თანხების მიზნობრიობა ადგილზე შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ თანხები უმეტეს შემთხვევაში არამიზნობრივადაა ათვისებული. შესაბამისად, ვფიქრობ ასეთი სახით თანხების გაცემა უნდა შევზღუდოთ“– აღნიშნავს, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძე. თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა, რა ბედი ელის მათ, ვისაც სტიქიით დაზიანებული სახლების გასამაგრებლად განცხადება აქვთ დაწერილი  და დაფინანსებას ელოდებიან. როგორც სხდომაზე განაცხადეს, ვისაც პირველი კატეგორია ჰქონდა მინიჭებული მათი დაფინანსება წლის ბოლომდე დასრულდება.  „სტიქიით დაზიანებული სახლების შესაკეთებლად შემოსული მოქალაქეების განცხადებები წლების მანძილზე გროვდებოდა, ყურადრებას არავინ აქცევდა, ახლა ეტაპობრივად ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მოთხოვნები“ - განმარტა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა.   მომავალში საკრებულოს წევრები  იმსჯელებენ რა სახით დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს, რათა მიზნობრივად მოხდეს თანხის გახარჯვა.

    სდომაზე, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ლურსმანაშვილმა გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. „ინფრასტრუქტურის კომისიამ იმ საბავშვო ბაღების მონიტორინგი განახორციელა, რომლებშიც სარემონტო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვებით განხორციელდა. ჩვენ მოვახდინეთ შედარება და ძირითადად ყველაფერი ისეა შესრულებული, როგორც ხარჯთაღრიცხვაშია, თუმცა არის მცირე დეფექტებიც“– განაცხადა შალვა ლურსმანაშვილმა.

     საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე, 16 ოქტომბერს, ქუთაისში „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვაზე ისაუბრა,  მისი ინფორმაციით, მომავალი წლიდან, სახანძრო–სამაშველო სამსახური ცენტრალურ ხელისუფლების დაექვემდებარებაში გადავა, შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ 350 000 ლარი გამოთავისუფლდება.

     

     

    20 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 472 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი