{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი

     

    ხარაგაულში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი გასული საუკუნის  30_იან წლებში ჩამოყალიბდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ივანე (ბიჭიკო) აბაშიძის მიერ. მან გარს შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები: გ. ბუაჩიძე, პ. სახვაძე, ე. დეკანოსიძე, შ. ბუაჩიძე, ტ. ცქიტიშვილი, გ. ბლუაშვილი, მ. კამკამიძე, ს. ციმაკურიძე, თ. კიკნაძე, ტ. ვეფხვაძე. ლ. ლურსმანაშვილი და სხვა. 1947-52 წლებში ანსამბლს მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სტატუსი. 1970 წელს მიიღო სახალხო ანსამბლის წოდება. წლების განამავლობაში ანსამბლში მუშაობდნენ პროფესიონალი დირიჟორები: ვ. ჭუმბურიძე, შ. ბუაჩიძე, ლ.ფაჩულია,  თ. იმერლიშვილი, ი. აბაშიძე,. ანსამბლი ასრულებდა როგორც ხალხურ , ისე კომპოზიტორთა  ნაწარმოებებს. ქორეოგრაფები სხვადასხვა დროს იყვნენ: ბ. დარახველიძე, მ. შუბაშიკელი, რ. ჭოხონელიძე, ზ. ასათიანი, დ. ბაკურაძე, ლ. ლურსმანაშვილი. ანსამბლს კონსულტაციებს უწევდნენ და მისთვის წერდნენ სიმღერებს ცნობილი კომპოზიტორები: გრ. კოკელაძე, ვ. ცაგარეიშვილი, მ. ჩირინაშვილი, შ. მილორავა, მ. დავითაშვილი. ანსამბლის აკომპანიატორები იყვნენ: აკ. ფურცელაძე,  კლ. ყრუაშვილი, ი. ღონღაძე, ც. კალანდაძე, ა. ლურსმანაშვილი, ო.რევაზიშვილი. 1949 წელს ანსამბლმა კონცერტები გამართა სამცხე_ჯავახეთში , 1952 წელს დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში. 1957 წელს  ქ. ლვოვში ხალხთა მეგობრობის ზეიმზე დიდი წარმატება ჰქონდა. 1966  წელს იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში ხალხური სიმღერის ფესტივალზე, სადაც გამოდიოდნენ გერმანიის,საფრანგეთის,იტალიის, უნგრეთის და ბულგარეთის სახალხო გუნდები. ანსამბლს კონცერტები გაუმართავს მოსკოვში, კიევში, რიგაში. 1970 წელს საკავშირო ტელევიზიამ მოსკოვში ჩაწერა ანსამბლის კონცერტი და გადაიცა ცენტრალური ტელევიზიით. 1980 წელს ლატვიის ქალაქ ვენტსპილში სიმღერისა და ცეკვის ფესტივალზე ანსამბლის გამოსვლით მოხიბლულმა ორგანიზატორებმა ნაცვლად გათვალისწინებული 30 წუთისა ანსამბლს  1 საათი და 10 წუთი დაუთმო. ამ კონცერტის დამახასიათებელია ის ფაქტი,რომ ძველი, ქართული პოპულარული სიმღერის „სულიკო“შესრულების დროს ანსამბლის ლოტბარს თ. კიკნაძეს წილად ხვდა  ბედნიერება  ედირიჟორა არა მარტო ჩვენი ანსამბლის,არამედ ათასზე მეტი კაცისთვის,რომლებიც სცენაზე იმყოფებოდნენ.

    ანსამბლის დაარსებიდან ბიჭიკო აბაშიძეს მხარს უმშვენებდა და გვერდით ედგა შესანიშნავი პიროვნება,ხარაგაულის მასპინძლად, ხარაგაულის კოლორიტად შერაცხული, ბრწყინვალე ლოტბარი და მომღერალი, ნიჭიერი შემოქმედი გივი ბუაჩიძე. იგი პირველ ხანებში გასვლით კონცერტებს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კულტურის სახლში გამართულ კონცერტებს. 1949 წელს კი მე_7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მისი ლოტბარობით გამოვიდა ანსამბლი.

    გივი ბუაჩიძის მიერ შესრულებულმა „იმერულმა საოხუნჯომ“ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. იგი გახლდათ ამ სიმღერის პირველი შემსრულებელი. გივი ბუაჩიძე მიმზიდველი ოსტატობით ასრულებდა ცეკვას და სიმღერას,რაც მაყურებელთა ოვაციას იწვევდა. ეს სიმღერა დღემდე ცოცხლობს და დღესაც ანსამბლის რეპერტუარშია. სამწუხაროდ გივი ბუაჩიძე ნაადრევად 39 წლის ასაკში 1963 წლის 13 მაის გარდაიცვალა.მისი ცხედარი კულტურის სახლის შენობიდან გამოასვენეს.კულტურის სახლის ქორეოგრაფს მიხეილ შუბაშიკელს უთქვამს  გივის გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე მიძღვნილ საღამოზე „ პირველად ვესწრები ისეთ გრანდიოზულ შეხვედარს და ხსოვნის საღამოს,რომელსაც პიროვნებას უწოდებენ კაი კაცობისთვისო“.

    ანსამბლი სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ ოლიმპიადა-დათვალიერებებში. მიღებული აქვს მრავალი სიგელი,დიპლომი, ლაურეატის წოდება. ბიჭიკო აბაშიძის ხელმძღვანელობით ანსამბლს ჩატარებული აქვს ორი ათასზე მეტი კონცერტი.ანსამბლის რეპერტუარში იყო ბიჭიკო აბაშიძის მიერ დამუშავებული სიმღერები:

    1.      იმერული მგზავრული.
    2.      იმერული მაყრული.
    3.      იმერული საოხუნჯო.
    4.      პატარა საყვარელო.
    5.      მასპინძელსა მხიარულსა.
    6.      ჰეი ადილა.
    7.      ძლევის სიმღერა.
    8.      ცხენოსნური მაყრული.
    9.      სიმღერა საქართველოზე.
    10.       ანბანთქება.
    11.       ახალი ლაშქრული და სხვა.

    ანსამბლში სხვადასხვა წლებში მღეროდნენ გ. თავზარაშვილი, მ. ტაბატაძე, ნ. ჩოლოყაშვილი, გ. ორჯონიკიძე, ბ. კიკნაძე, ბ. ბლიაძე, გ. ლომიძე, ჯ. გიორგაძე, ვ.სვანიძე, ი. ბერაძე, ო. ჩაჩანიძე, ზ. კვაშილავა, ს. შარიქაძე, რ. ალექსიძე, მ. ვეფხვაძე, ო, აბაშიძე, ო. კვარაკვახიძე. ნ, დეკანოსიძე, ჯ. ბანცაძე. ა. კაპანაძე, გ. კაპანაძე. ლ. ბუაჩიძე, ჟ. დევდარიანი, ო. კიკნაძე და მრავალი სხვა.

    1964 წელს ხარაგაულში იმყოფებოდა პარიზის კონსერვატორიის პროფესორი ივეტ გრიმო,რომელმაც  ანსამბლის  შესრულებით  ჩაიწერა  რამდენიმე ხალხური სიმღერა.ცნობილია,რომ მან პარიზში გამოსცა წიგნი,სადაც შესულია ანსამბლის სიმღერები.

    2003 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს  ზაქარია ბერაძე. ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები. ანსამბლის რეპერტუარში არის როგორც იმერული, ისე საქართველოს სხვა კუთხის სიმღერები და ცეკვები.

    2005 წელს ანსამბლს წილად ხვდა პატივი მონაწილეობა მიეღო ქ. ბათუმში გამართულ ფოლკლორის  I ეროვნული დათვალიერება - კონკურსის  გახსნის კონცერტში.

    2014 წლის აგვისტოში ბულგარეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლმა გრან_პრი მოიპოვა.

     

     

    ვალუტის კურსი
    2.9691
    3.2797
    3.6989
  • ცენტრის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
  • ანსამბლი უბისი
  • ფოლკლორული ანსამბლი კახორი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი