{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  წარუშლელი შთაბეჭდილებებით ვტოვებ ხარაგაულს

    ახალგაზრდობა  ქვეყნის ძლიერების საიმედო ბურჯია. რასაკვირველია, ამ სიტყვებში  საზოგადოების იმ ნაწილს ვგულისხმობთ, რომელსაც   დამოუკიდებელი სწრაფვა აქვს ცოდნისაკენ. ასეთები კი დიდი სიფრთხილით ირჩევენ სამომავლო გზებს, გამოირჩევიან   განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით და შედეგიც არ აყოვნებს-ღირსეულად იმკვიდრებენ კუთვნილ ადგილს...

    ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე თვის განმავლობაში  ხელმძღვანელობდა სწორედ ასეთი ახალგაზრდა, რომელმაც დროის  ძალზე მოკლე მონაკვეთში  გამოავლინა  მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი  დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, კოლეგებთან და პაციენტებთან   ურთიერთობის  კულტურა. იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და ამგვარი  თვისებების მქონე  პიროვნებად ჩამოყალიბდე, ამ   შემთხვევაში დიდია  ოჯახის, აღმზრდელი გარემოს როლი.  შალვა სწორედ ისეთ ოჯახში გაიზარდა,  სადაც პრიორიტეტად მიჩნეული იყო ცოდნის შეძენისაკენ სწრაფვა და  წიგნიერება. მამა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორია; დედა - ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პალეობოტანიკოსი;  დას კი ერთ-ერთ კომპანიაში მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს.

    ვფიქრობ,  შალვა ბიჭიაშვილი ხარაგაულისთვის ახალი სახეა, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის საზოგადოებამ. ვინ არის ეს პიროვნება, როგორია მისი ხედვა, განვლილი და სამომავლო გზა - ამის შესახებ პირადად გვესაუბრება:

    ,,თბილისში დავიბადე და გავიზარდე.  ვსწავლობდი  აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის  ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში. მინდა,აღვნიშნო, რომ ეს ის  გარემოა,  სადაც  ახალგაზრდებს  თავიანთი ინტელექტუალური პოტენციალის თვითრეალიზების საშუალება ეძლევათ. ძალიან მაღალი დონის სკოლაა, რომელიც  დიდ შრომას  მოითხოვს, მაგრამ  მიმაჩნია, რომ  განათლება  ქვეყნისათვის მთავარი საზრუნავია. ვფიქრობ,  ცოტა რამ არსებობს  ისეთი, რაზეც  საზოგადოება ერთხმად თანხმდება, მაგრამ წარმატების მისაღწევად რომ თავდაუზოგავი შრომა და შესაბამისი ცოდნაა საჭირო,  ეს საყოველთაოდ აღიარებულია.სკოლის დასრულების შემდეგ იწყება სტუდენტობა...პერიოდი, როდესაც  განათლების  ახალი სფეროების დაუფლების საშუალება გეძლევა, ხდები დამოუკიდებელი, ისახავ მიზნებს - აღწევ -და საკუთარი თავის კმაყოფილიხარ. დამთავრებული მაქვს  თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა კი  კავკასიის  უნივერსიტეტის  ჯანდაცვის სკოლაში გავიარე. ამჟამად   ივანე ჯავახიშვილის სახელობის   სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  დოქტორანტი ვარ.

    -მედიცინა ის სფეროა, რომელიც მუდმივად მოითხოვს სწავლას. შესაბამისად, დიდია პასუხისმგებლობაც. რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა?

    -ძალიან მაინტერესებდა  სამედიცინო სფერო და ამიტომ  ავირჩიე ეს სპეციალობა.   მაგისტრატურაში სწავლა კლინიკის ადმინისტრირებასა  და მენეჯმენტის კუთხით  განვაგრძე  და, შესაბამისად, აქტიურად ჩავერთე ახალ გამოწვევებში. ვფიქრობ, პროფესიის  არჩევისას მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო  და სრულად გაითავისო ეს პასუხისმგებლობა. თუ თვლი,  რომ კონკრეტულ სფეროში შენი ყოველდღიურობა იქნება საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული, მაშინ სწორედ ამ მიმართულებით  უნდა შეაჩერო არჩევანი.ნამდვილად  ბედნიერებაა, როდესაც შენს საყვარელ საქმეს ასრულებ  და,პირადად,მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. ჯანდაცვის სისტემაში რეგულაციები მუდმივად იცვლება, ვითარდება და ყოველივე ეს სამუშაო გარემოს უფრო მრავალფეროვანს  ხდის.

    -როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

    -ჩემი კარიერა კლინიკა ,,მედსში“ დაიწყო, სადაც შესყიდვების მენეჯერი გახლდით.  2013 წლიდან კი  ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“  ვმუშაობ. ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია უცხო გარემოსთან ადაპტირება, მაგრამ,  როდესაც მივიღე შემოთავაზება,  რამდენიმე თვე ხარაგაულის კლინიკისთვის მეხელმძღვანელა, ეს იყო ჩემთვის  საინტერესო გამოწვევა.  მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრის დირექტორს, ბატონ ნუგზარ ბოლქვაძეს, ნდობისა და მხარდაჭერისთვის.  იყო ბევრი პრობლემა და  სირთულე,  მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი ლაგდება. მიმდინარეობს  სტრუქტურული რეორგანიზაცია და კადრები მათი გამოცდილებისა  და პიროვნული უნარ-ჩვევების  გათვალისწინებით შეირჩევა.  მაქსიმალურად  შევუწყობთ ხელს ნიჭიერი ადამიანების დასაქმებას. ახლად დანიშნულ დირექტორს, ბატონ  ლაშა ელბაქიძეს, ამ სფეროში მუშაობის   საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ვთვლი, რომ   ერთობლივი ძალისხმევით  ბევრი კარგი საქმე გაკეთდება.

    -გვესაუბრეთ იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც  თქვენი მმართველობის პერიოდში  კლინიკაში განხორციელდა.

    -ჩავერთეთ ელექტრონული   სამედიცინო  დოკუმენტაციისა და  ელექტრონული რეცეპტების  სისტემაში, ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“  ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ფუნქციონირება დაიწყო  რეანიმაციულმა განყოფილებამ და  მოხდა სამედიცინო დაწესებულების შევსება სხვადასხვა პროფილის   მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.   ახალდანიშნული  კარდიოლოგი, ბატონი  ვლადიმერ თხელიძე,  წარმოშობით  ხარაგაულელია და  სამუშაო გამოცდილება   თბილისის წამყვან კლინიკებში აქვს მიღებული.  მოვახერხეთ ისიც, რომ  გვყოლოდა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი.  ვახტანგ მატარაძე  მცირე ხანია, ჩვენს  გუნდს შემოუერთდა და   მალე ადგილზე გაკეთდება ოტო-რინო-ლარინგოლოგიური ოპერაციები. დაინიშნა ასევე საკმაოდ გამოცდილი  რეანიმატოლოგი  სოსო სეფაშვილი. აქვე მოგახსენებთ, რომ, დაპირებისამებრ,  ბორითის კლინიკაში განთავსდა რეანიმობილი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდენს  პაციენტების გადაადგილებას.

    -რა სერვისებს სთავაზობს  კლინიკა პაციენტებს და,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, რატომ უნდა მივმართოთ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებას?

    -საქართველოს მასშტაბით ხარაგაულის საავადმყოფო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. კლინიკა პაციენტებს სრულ ამბულატორიულ გამოკვლევასა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. მოსახლეობას რაიონიდან გაუსვლელად შეუძლია, მიიღოს ქირურგიული, თერაპიული, ასევე გეგმიური და გადაუდებელი სერვისები. აქ ხშირად ტარდება ოპერაციები და მაქსიმალურად დაცულია პაციენტის უსაფრთხოება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს, პირველ რიგში, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა. ამიტომ, როდესაც  ადგილზე ასეთი თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა, სხვაგან წასვლაზე არ უნდა ვიფიქროთ. აქ მომუშავე მედპერსონალი ორიენტირებულია პაციენტების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

    -გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ხარაგაულზე...

    -ამ მუნიციპალიტეტთან  საქმიანი შეხება არასდროს მქონია, სულ რამდენჯერმე  ვიყავი  ნამყოფი. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ წარუშლელი შთაბეჭდილებებით ვტოვებ ხარაგაულს.  აქ ძალიან თბილი,  მეგობრული  და განათლებული ხალხი ცხოვრობს. ბუნებრივი პირობებით ულამაზესი ხეობაა. როგორ შეიძლება,  არ მოგწონდეს აქაური ჰაერი და გარემო. შორს არ მივდივარ, ხშირად გესტუმრებით. ვისარგებლებ   შემთხვევით  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ყველა იმ  ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგა, მადლობას გადავუხდი.  ბუნებრივია, როდესაც ყველა მხრიდან  მხარდაჭერა გაქვს,  გაცილებით გიადვილდება საქმის კეთება.

    -როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    -ჩემი სამომავლო გეგმები  პროფესიული განვითარებისთვის ისევ სწავლას უკავშირდება. გარდა ამისა, მაქვს სხვა მნიშვნელოვანი ჩანაფიქრებიც,  თუმცა ამ ეტაპზე  დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.  ვეცდები, დასახული მიზნები აუცილებლად განვახორციელო. მინდა, ხარაგაულის კლინიკა იყოს წარმატებული, რასაც ნამდვილად იმსახურებს   ადგილობრივი მოსახლეობა და იქ მომუშავე პროფესიონალთა ჯგუფი. 

     

     

    27 აპრილი 2018

    ნანახია: 2859 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.8781
    3.2002
    3.7556
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი